პრემიერს დღეს შიშის გამო აშკარად შეცვლილი ჰქონდა ტონი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით – დეკანოიძე

დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც აშკარად პროტესტის, შიშის გამო შეცვლილი ჰქონდა ტონი, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს დოკუმენტში ასახული პირობების შესრულება „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც აშკარად პროტესტის, შიშის გამო შეცვლილი ჰქონდა ტონი. სრულიად სხვა ტონი ჰქონდა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სასესიო დარბაზში, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით. ასევე სხვა პუნქტების განხორციელების მიმართულებით, რადგან ამ პუნქტების განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება. დეოლიგარქიზაციას სჭირდება პოლიტიკური ნება, რაც ამ ხელისუფლების პირობებში, გამორიცხულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ მოქალაქეებს დღეს, პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„დღეს აქციაა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ აქციაზე. ჩვენ, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, ვინც პარლამენტში ვართ, რაც შეგვიძლია, რა ფუნქციაც შეიძლება, გვქონდეს საგზაო რუკის განხორციელების პირობებში, მზად ვართ, ვისაუბროთ და ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მთავარი გეგმა, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ჩააგდო. ეს არის უდიდესი ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც მოვიდა უკრაინელების თავგანწირვისა და სისხლის ხარჯზე. ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია, ემოციებიდან გამოსვლა და საქმის კეთება. ყველას ჩვენი ფუნქცია უნდა გვქონდეს და საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორია ჩვენი მხრიდან გეგმა, როგორ უნდა მივაღწიოთ დეოლიგარქიზაციას, მათ შორის ხელისუფლების შეცვლას და იმ საგზაო რუკას, რომელიც ევროპამ დაგვისახა. მთავარი არ არის ვინმეს ძალაუფლებაში მოსვლა, მთავარია, როგორ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და როგორი უნდა იყოს ეს ექვსი თვე. ამაზე ერთიანი მსჯელობის ფორმულა უნდა შეიმუშაოს, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

„ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია იმ უმძიმეს დღეზე, რომელიც საქართველოს გუშინ ჰქონდა – დღე, როდესაც მოლდოვამ, უკრაინამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და საქართველომ ვერ მიიღო ეს სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილი პირადად პასუხისმგებელია ამაზე. მან განგებ ჩააგდო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან მთელი პოლიტიკა, ანტიდასავლური ისტერია, ჩვენი პარტნიორების ლანძღვა-გინება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველის არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, საკინსტიტუციო ცვლილებების მიღება, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლოს არსებობა და კონკრეტულად ის ნაბიჯები, რაც ჩამოთვლილია საგზაო რუკაში. პირადად მე ვერ დავინახე ვერც ერთი პუნქტის შესრულების რეალური, ადეკვატური განხორციელების ნება და გეგმა. ვერც დეოლიგარქიზაციის. ღარიბაშვილის ტონი განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ საღამოს ადამიანები არ მისულიყვნენ აქციაზე. პირველი, რასაც ვიზამდი, ეს იქნებოდა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის ღია განაცხადი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომაზე იქნებოდა დამტკიცებული, რაც სამწუხაროდ, არ სურთ.

ეს დიალოგი პირადად ჩემს თავზე გამოვცადე, ჩემი შეურაცხყოფით, როდესაც პარლამენტში ღარიბაშვილი იყო მოსული. მე და ჩემს კოლეგებს ათასნაირი და საშინელი ეპითეტით გვამკობდა. ახლა ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად ღარიბაშვილმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რომელიც გუშინ მოხდა. ესაა პასუხისმგებლობა, რომელიც არის მძიმე, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ღარიბაშვილის ცვლილების არ მჯერა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშირაღაცები შეიძლება მე მოვითმინო, მაგრამ რიგით მოქალაქეს ამას ვერ მოთხოვ – კალაძე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
შემდეგი სტატიაუკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს – ჯონსონი