პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

31 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მამუკა ბახტაძე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მივა და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

31 მაისს მივა პარლამენტში, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე, პასუხების გასაცემად დაიბარა.

„იქნება საპენსიო რეფორმაზე საუბარი, თუ რა მომავალი აქვს მას და ასევე იქნება იმის შესახებ, თუ რა გამოიწვია ამ რეგულაციებმა და ზოგადად, ავნო ეკონომიკას და ადამიანებს, თუ პირიქით, რაიმე პოზიტივი ვიგრძენით იმ ცვლილებებიდან, რაც განხორციელდა ამ წლის განმავლობაში. ჩვენი დასკვნა უარყოფითია, ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ლარი“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია მამუკა ბახტაძესთან მწვავე კითხვებს აანონსებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრემიერთან კითხვები იქნება, პარტიული აქტივისტების დაფინანსებაა.

„ჩვენ გვაქვს მათივე აღიარებით, ნელი ეკონომიკური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელსაც ყველაზე ღარიბ ევროპულ ქვეყანას, კიდევ თითქმის 100 წელი ვერ დავეწევით. ამაზე გვეთანხმებიან. მე ვეკითხები, რომ რა უნდა შეცვალო, რის შეცვლას აპირებთ? აქ მერე გვაქვს პასუხი თავის ქება და ტალახის სროლა. როცა მათ გაზარდეს ბიუროკრატია თითქმის 10%-ით, ჩვენ რატომ გაზარდეს, ეს სიპები და აიპები, რომლებიც ახლა არჩევნებზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა უბნის გარეშემო, ანუ თქვენი, ჩემი ყველას საერთო ფულით, აფინანსებენ საკუთარ პარტიულ აქტივისტებს. ამაზე გვექნება ძალიან მკვეთრი საუბარი, ველით მათგან პასუხებს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარების აზრს ვერ ხედავს პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე. დეპუტატი მიიჩნევს რომ მამუკა ბახტაძე კითხვებზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური არ არის,

„დაბარებული არის პრემიერ მინისტრი და მე არ მგონია, რომ პრემიერ მინისტრი რამეზე კომპეტენტური იყოს პასუხის გაცემაში. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცსაც ახლა პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ, ხუთშაბათობით არის ის მიჩვეული მუშაობას… აზრს მე ვერ ვხედავ საერთოდ, პრემიერ მინისტრს რამე კითხვა დავუსვა,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, პრემიერ მინისტრთან კითხვები წინასწარ არის განსაზღვრული. თუმცა ამბობს, რომ პასუხებიდან გამომდინარე, ახალი დამატებითი კითხვები წარმოიშვას.

banner
წინა სტატიაშითურქეთი რუსული С-400-ის ყიდვის გამო აშშ-ს სანქციებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაძარცვის ფაქტზე გორში არასრულწლოვანი დააკავეს