პრემიერმა საზოგადოებას ევროპოლთან ხელშეკრულების გაფორმება მოულოცა და შსს-ს გაწეული სამუშაოსთვის მადლლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმება მოულოცა.

გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით ევროპა საქართველოს აღიარებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს.

გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომლითაც, საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი. ამ დოკუმენტის თანახმად, გვექნება, პრაქტიკულად, ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სტრუქტურებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის ფონზე.

მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც ევროპის სანდო პარტნიორებმა“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება. 4 აპრილს, საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ხის ტრანსპორტირება- ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და გაჩეხილი ხეები ნატანებში
შემდეგი სტატიაიოსებიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს