პრემიერის პრესსამსახური: კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ბელორუსის პრეზიდენტის მიერ, პარლამენტში გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე, სადაც ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები, რაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.

“პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

“კვირიკაშვილი 75 პროცენტით რუსი ადამიანია” – ეს განცხადება, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა. რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერის დამოკიდებულებაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს უნდა უსმენდნენ და ეხმარებოდნენ.

„იგივე საქართველო, პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა? ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც,“ – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში ილია ვეკუას დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო
შემდეგი სტატიავანისა და ხონის შუალედური არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი გამოქვეყნდა