პრემიერის ინიცირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში წალენჯიხის მერია ერთვება

პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება. წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების და ააიპ-ების ხელმძღვანელებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაწოდეს.

დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა, ამჟამად კი მერიამ მზაობა გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობისთვის. დასაქმების სახელმწიფო პროგრამა სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო.

შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, სოციალური მომსახურების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიაწოდეს. დასაქმების პროგრამაში მონაწილე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხელფასის ანაზღაურება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება.

 

https://youtu.be/DyBV2kJ-eQU

 

შეგახსენებთ, პროგრამა ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.

პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

 

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საჭიროა სერიოზული გარღვევა საქართველოში პარლამენტარიზმში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით