პრემიერის გადასაწყვეტია ვინ დარჩება თანამდებობაზე – მიხეილ ჩხენკელი სამთავრობო ცვლილებებზე

ახალი მთავრობის შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია. მინისტრები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ვინ დარჩება მთავრობის წევრებიდან თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გუნდში კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.

„ახალი კაბინეტის შემადგენლობა, არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. პრემიერ მინისტრი როდესაც წარადგენს ახალ კაბინეტს, თქვენც შეიტყობთ კანდიდატურების შესახებ.

კონსულტაციები გუნდში მიმდინარეობს, მაგრამ როგორც გითხარით, პრემიერ მინისტრის პრეროგატივა გახლავთ ახალი კაბინეტის ფორმირება და ეს მალე მოხდება“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პრემიერის ინიცირებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის თქმით, ქვეყანას ყველაზე მეტად სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება.

„მივესალმები მოქნილობას, მივესალმები იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ძალიან სწრაფად. დღეს ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და მგონია, რომ რეფორმა, რომელიც იქნება დაანონსებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რა თქმა უნდა წაადგება. მხოლოდ ეს ვერ იქნება გარდამტეხი. აქ თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეიდან საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ, თუმცა მანამდე დეტალურ გრაფიკს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.

მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურომ დღესვე უნდა მიიღოს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

banner
წინა სტატიაში„მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი“ – მაია მიმინოშვილი
შემდეგი სტატიათიბისი ბანკმა და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი