პრემიერის ანგარიში – 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით შეისყიდა „ჯაველინების“ დამატებითი პარტია, აშშ-ის დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით შეისყიდა „ჯაველინების“ დამატებითი პარტია.

ამასთან, როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, ამჟამად, აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია.

„2021-2022 წლებში აშშ-თან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების კუთხით. კერძოდ, აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა სხვადასხვა დონის წვრთნა და კურსები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, აგრძელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების NATO-ს სტანდარტის შეიარაღებით გადაიარაღების პროცესს. 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავდროულად, დოკუმენტში საუბარია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნისგან გამოყოფილ გრანტებზე, მრავალეროვნულ სწავლებაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის კომპონენტის განხორციელებაზე.

„2021-2022 წლებში თურქული მხარისგან გამოყოფილი გრანტის ოდენობამ 1,464,122 აშშ დოლარი შეადგინა; 256,695 ევროს ღირებულების სამთო აღჭურვილობა და საველე საწოლები გადმოეცა ქართულ მხარეს საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროსგან. ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსგან საქართველოს თავდაცვის უწყებამ მიიღო 417 384 ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას მოხმარდება.

2021-2022 წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მრავალეროვნულ სწავლებას − „მტკიცე სულს“ (AGILE SPIRIT), ხოლო უცხოეთში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაგეგმილ სწავლებებში.

2021 წლის დეკემბერში, აშშ-ის მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ინსტიტუციური კომპონენტის განხორციელება. პროგრამამ მთლიანობაში უზრუნველყო არა მხოლოდ ტაქტიკური დონის საბრძოლო ქვედანაყოფების (9 ქვეითი ბატალიონი) საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, არამედ დაკომპლექტების, წვრთნის, აღჭურვისა და ძალების შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. GDDEI-ს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავებისა და ნატო-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაა და ასევე ის მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი აღსრულების კონცეფცია (2022 − 2027), რომელსაც 2022 წლის 20 მაისს დაგეგმილ აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მოეწერა ხელი“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიანიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ