პრემიერი უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე: გამორიცხული არაფერია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბოლოდროინდელი რიტორიკა გულდასაწყვეტია.

როგორც პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „რესპუბლიკელებმა“ კოალიციის დატოვების მეორე დღესვე, „ქართული ოცნების“ მიმართ შეტევითი კამპანია დაიწყეს.

„ძალიან გულდასაწყვეტი იყო განსაკუთრებით ის ბოლო ნაბიჯები, რომლებიც „რესპუბლიკელებმა“ გადადგეს, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, „ქართულ ოცნებაზე“ არაადეკვატური შეტევითი კამპანია დაიწყო. ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა პოლიტიკაში გულდაწყვეტების ადგილი არ არის. ამიტომ დასანანია, თუ როგორ განვითარდა „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანიაც, რიტორიკაც და დასანანია ისიც, რაც დღეს ვიხილეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა დავით უსუფაშვილის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“, პრემიერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.

„არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდში – აქვს თუ არა სურვილი ასეთი ტიპის თანამშრომლობის. პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. მინდა მას წარმატება ვუსურვო და ვთქვა, რომ ის გამოცდილი პოლიტიკოსია და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილმა დღეს „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები