პრემიერი: სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის სჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

საუბრის ძირითადი თემები სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის განვითარება, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სფეროებში თანამშრომლობა იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირანულ მხარეს ესჰაყ ჯაჰანგირს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამართლებრივი ბაზის დახვეწა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულების გააქტიურებისაკენ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით და ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რის გამოც, კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდით ირანის სახელმწიფოს და ირანელ ხალხს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.

„ძალიან მისასალმებელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თან ახლდა მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საქართველო ირანელ ინვესტორებს სთავაზობს გამორჩეულ ბიზნესგარემოს და ამასთანავე, ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ძალიან გვახარებს, რომ ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება და ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს.

ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რათა ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, მოვხსნათ, რათა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და ირანელ კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები კონსტიტუციაში-არასამთავარობოთა ალტერნატიული პროექტი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ხარის რქაზე შემომჯდარი მეოცნებე დეპუტატები