პრემიერი სენატორებს: დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკელ სენატორებს თბილისის ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლა.

„აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის – ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატო-სა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს – ჩვენს მეგობარს იან კელის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე, საქართველო ცდილობს, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს და ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი გახდეს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისთვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით“, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები – ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს გუშინ ესტუმრნენ.

banner
წინა სტატიაში1 იანვრიდან გადასახადები გაიზარდა
შემდეგი სტატიასტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა