პრემიერი: საქართველო პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მნიშვნელობა შეფასა და მას საქართველოსა და ევროპას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულმა მოვლენამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი რობ უენრაითი და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში“, –განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი.

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში„უფასო ფაკულტეტები არ უნდა იყოს ისეთი ხალხის ნავსაყუდელი, ვინც სხვა ფაკულტეტზე ვერ მოხვდა“ – ჯეჯელავა
შემდეგი სტატია“თვითმმართველობის გაუქმება ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ოცნების და ივანიშვილის ხელში “- აბესაძე