პრემიერი – სააკაშვილის მჩაგვრელი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის დისკრედიტაცია იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას და რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალება არავის მიეცემა.

ღარიბაშვილი კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ის სახელმწიფოს, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, წინააღმდეგ მორიგ ბინძურ პროვოკაციად შეაფასა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია იყო.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნეობის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ დისკრედიტაცია მთავარი ინსტიტუციების, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შეტევა განხორციელდა და პროვოკაცია დაგეგმეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ.

„გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ, რატომ? იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ჩვენ ეს რა თქმა უნდა კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას და მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. ეს უარი დასტურდება შვიდი არჩევნების მეშვეობით, შვიდ არჩევნებში დადასტურდა ეს ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიტანა. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოსტკოვიდურ სინდრომთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული პროტოკოლები და გაიდლაინები მომზადდეს
შემდეგი სტატიახაზარაძე – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომლის მართვის მეთოდია დაშინება და ხელისუფლების შენარჩუნება