პრემიერი: ქართველმა განმანათლებლებმა გვირგვინი დაადგეს ეროვნულ განათლებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით ქართველმა განმანათლებლებმა გვირგვინი დაადგეს ქართულ ეროვნულ განათლებას.

“ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა იტვირთეს და დაადგეს ეს გვირგვინი ქართულ ეროვნულ განათლებას. მათმა დაუღალავმა შრომამ და რწმენამ იმისა, რომ ქართველებს გვქონდა საამისო ინტელექტუალური რესურსი, შესაძლებელი გახადა, ამ კედლებში ხორცი შესხმოდა ჩვენი სახელოვანი წინაპრების სანუკვარ იდეას და საქართველოს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეპოქა დაწყებულიყო.

უნივერსიტეტის იდეის განხორციელება გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი იყო, ვიდრე, თუნდაც ყველაზე წარმატებული, საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაა. ეს სულისკვეთება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე იქნა აყვანილი, რადგან იგი მომწიფდა მაშინ, როდესაც საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა იმპერიისგან თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა. ჩვენი დიდი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მძლავრი საგანმანათლებლო, ეროვნული კულტურული კერის არსებობას ერთ კონტექსტში განიხილავდნენ. და ეს სულ მალე გამოჩნდა – უნივერსიტეტის დაარსებიდან რამდენიმე თვეში, საქართველომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით, დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ამ თარიღებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ისტორიისთვის”, – თქვა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა დასძინა, რომ 2018 წელი საქართველოსთვის საიუბილეო წელია და “ვალდებული ვართ, ღირსეულად აღვნიშნოთ ეს ორი უდიდესი ეროვნული მოვლენა”.

დამსწრე საზოგადოებას პატრიარქმა ილია მეორემაც მიმართა. მისი თქმით, თსუ იმ ფუნქციას ასრულებდა საქართველოსთვის, რაც ეკლესიას უნდა შეესრულებინა.

თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი აცილება მოითხოვა 9 მოსამართლემ…დავაკვირდეთ, რას მიიღებენ ისინი ამისათვის ჯილდოდ”
შემდეგი სტატია“მკვლელის ვინაობა ნათქვამი აქვს… დოდომ იცის ვინ არის მკვლელი” – ოჯახის მეგობარი