პრემიერი – პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ aigroup-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის „ვოლვო“,“ ვოლკსვაგენი“, „ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% იქნება შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი, ხოლო 20 000 იქნება ექსპორტზე გატანილი, ევროკავშირში.

„ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული, წარწერით made in Georgia იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან. ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი ავტომობილები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა, რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო. მე მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთობლივი განცხადება „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ დღევანდელ ანონსთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაეგვიპტეში თაგვების და სხვა ცხოველების მუმიები აღმოაჩინეს (ფოტო)