პრემიერი-„ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა

ვიდრე აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური. მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ამის ნაწილი არ გახდეთ, რადგან ეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაა, ეს არის ის სივრცე, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვქმნით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობისა და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის.

„სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი – ტყუილი, „ფეიკ ნიუსი“, შემდეგ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა, ასეთ „ფეიკ ნიუსს“, პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე. ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა, იყოს რამდენიმე, სამი-ოთხი დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით – აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს. ისე როგორც, მაგალითად, ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად, მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ, თქვენს „ბოსებსაც“ გადასცეთ. როცა ტყუილს ეფუძნება, დღეს, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკე აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი თითოეული ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით რატომ? რომ „ფეიკს“, პროპაგანდას და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს
შემდეგი სტატია“სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს”