პრემიერი: ორი-სამი მინისტრი შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე საქმეს ვერ ასრულებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროების კუთხით ცვლილებები იგეგმება.

როგორც პრემიერმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

„ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, რადგან სიჩქარეები გვინდა ავიღოთ კიდევ უფრო მეტი და ასეთი ტიპის ცვლილებები სიჩქარეებს აგდებს. სამინისტროების სტრუქტურებში იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ ძალიან კონსერვატიული მიდგომა. დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება და თავად სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი კონკრეტული მინისტრების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ცვლილებები ორ-სამ სამინისტროს შეეხება.

„ყველა მინისტრთან და ახალი მინისტრობის კანდიდატებთან კონსულტაციები გამართულია. ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან დინამიური იქნება. ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება, დაახლოებით ორ-სამს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დღეს საქმეს ვერ ასრულებს. უბრალოდ დრო იცვლება, მოთხოვნები ახალია და გვაქვს ამბიციური გეგმა, რომელიც მაღალ სიჩქარეებს საჭიროებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციას გამორიცხავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა