პრემიერი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო შესანიშნავ ქვეყნად ვაქციოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი საქართველოში სტუმრობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რამსფელდის ფონდსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტს, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისათვისა და წელს ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურეთ.

აღფრთოვანებული ვარ, რომ დამსწრეთა შორის ვხედავ რამსფელდის პროგრამის მრავალ სტიპენდიანტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანას. მე საკუთარ თავზე გამოვცადე აშშ-ში სასწავლო სტიპენდიის ღრმა ეფექტი. 1990-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ამ რეგიონის წარმომადგენლისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ილინოისის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მასკის პროგრამის სტიპენდიანის სტატუსით მესწავლა – ეს პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული.

ამ გამოცდილებამ სრულად შეცვალა ჩემი ცხოვრება და დღემდე აგრძელებს ჩემს მოტივირებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები დავამყარო.

მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ჩემი გადმოსახედიდან, ფორუმის ჩატარებისთვის იდეალური დროა შერჩეული, რადგან გასულ თვეში ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი”,- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია.

“ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ.

ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში – საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით.

ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოგაწოდოთ ინფორმაცია სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, გასული წლების მანძილზე, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, მნიშვნელოვნად დავწინაურდით. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მანძილზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

“მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ.

ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს.

ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.

რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის.

წარმატებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ათწლეულზე მეტის შემდეგ, საქართველო ხდება აბრეშუმის გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო რგოლი.

ჩვენ ვმუშაობთ საჭირო “ტექნიკის” შექმნაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. პარალელურად, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ “პროგრამული უზრუნველყოფის” – საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც.

სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა შემუშავდა აშშ-ში, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული „Conti ჯგუფის“ და ქართული „თიბისი ჯგუფის“ მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის მიერ – მისი წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება და აქ შესაძლებელი იქნება პანამაქსის ტიპის დიდი გემების განთავსება.

ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს.

ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას.

მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით, ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის – საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი.

ლოჯისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს. შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენტიალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობდა”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერიმა.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია“საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხო ზონის გაფართოებას უზრუნველყოფს”