პრემიერი მოზარდის თვითმკვლელობაზე: დარწმუნებული ვარ, არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ საქმეს ისე გამოიძიებს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს.

პრემიერის თქმით, შესაბამისი უწყებებს დაევალათ, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან.

„კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომხდარიდან აუცილებელია კონკრეტული დასკვნების გაკეთება. მან მოზარდებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების მიმართულებით, კონკრეტული უწყებების მიმართ შესაბამისი დავალებები გასცა.

„ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამისი უწყებების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ მათ შეხება, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“მაპატიე, შვილო…” – “მწვანე სკოლის” დირექტორი დაღუპულ 15 წლის მოზარდს
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება