პრემიერი ხეჩიკაშვილს იცავდა და ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა – “უცნობი”

პრემიერი ხეჩიკაშვილს იცავდა და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა – ეს განცხადება, გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„უცნობი“ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 6 კომპანიის, მათ შორის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მოკვლევის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ტენდერებისას კარტერულ გარიგებებს და გიორგი კვირიკაშვილმა მას არ მოუსმინა.

„ახლა შეიძლება უნდათ თვითონ რომ გააბაიბურონ და გადაათამაშონ ისე, თითქოს არც არაფერი არ მოხდა და მერე რა, რომ მოკვლევა დაიწყო და როგორც დაიწყო, ისე დამთავრდება. ასე არ არის ძვირფასო საზოგადოებავ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, რომ მოკვლევა დაიწყო, იმიტომ, რომ მოკვლევა არ იწყება თუ რაღაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდა. ზუსტად ის ეჭვი, რაზეც მე ვლაპარაკობდი და რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი და ეს არის ბოდვა რასაც მე ვამბობდი.

„ხეჩიკაშვილს იცავდა პრემიერი და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაადრევ განცხადებებს აკეთებდა პრემიერმინისტრი. არ იყო ის ბოლომდე ინფორმირებული იმის შესახებ, იქ რაც ხდებოდა. ჩემთვის რომ მოესმინა მას, მე ინფორმაციას მივაწვდიდი,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე.

კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” სარჩელი, კონკურენციის სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესაბამისი უწყებები ყველა იმ კომპანიის საქმიანობას შეისწავლიან, ვისზეც გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია ”სიტროენი”, უკანონო ტენდერების გამო, პრეტენზიას აცხადებდა და მათთვის პრივილეგიების მინიჭებაზე საუბრობდა.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. იმიტომ, რომ ეს სიმართლე იმდენად დიდია, რომ ყველანაირი წნეხის მიუხედავად მაინც ეს სიმართლე თავის გზას პოულობს და ეს გადაწყვეტილებაც ცხადყოფს ამას,“ – აცხადებს გიორგი შარაშიძე.

ადვოკატის განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ დამადასტურებლად ჩათვალა „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. უფლებადამცველის თქმით, კომპანიის მიერ წარდგენილი საჩივარი საფუძვლიანად ჩაითვალა იმ ნაწილში, რომ აღნიშნული 6 კომპანია არღვევდა კონკურენციის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლს.

banner
წინა სტატიაში“ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში შესაცვლელია” – ზაზა სოფრომაძე
შემდეგი სტატია“უმუშევრობას გამოიწვევს” – მძღოლები ტაქსების რეგისტრაციაზე კალაძის ინიციატივას ეხმაურებიან