პრემიერი – ისტორიულად ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოგმართოთ დღეს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისტორიულად, ყოველთვის გამოკვეთილი იყო დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სახელწოდება, რომელიც დღევანდელი ფორუმისთვის არის შერჩეული, ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო იმედი და ოცნება უნდა იყოს ის, რომ ძლიერი დიასპორა გვყავდეს ყველგან, მთელს მსოფლიოში, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს.

ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ასევე იყო თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველების. იგი არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობისას ემსახურებოდა თავის სამშობლოს, არამედ ემიგრაციის რთულ, დრამატულ წლებშიც ინახავდა თავისუფლების, ჩვენი ევროპული მომავლის იდეას.

ასევე, მინდა, აღვნიშნო ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ემიგრაციაში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და რა სიმბოლურია, რომ იგი ახლა არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – მხარს ვუჭერთ ამნისტიას
შემდეგი სტატიაილია მეორე- მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ სირთულეების მიუხედავად, დღეს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა