იტალიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილი მიმართვის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენთვის ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მათი წერილის შინაარსი ჩემთვის ცნობილია და ჩვენ საპასუხო წერილიც მოვამზადეთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, გარკვეულწილად, გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არანაირი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტარების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლებას “რუსთავი 2”-ის საკითხთან დაკავშირებით წერილით მიმართა და სასამართლო სისტემის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარებმა, ასევე, მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს, კრიტიკულად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მოსთხოვონ მას ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება