პრემიერი: “EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები უცხოელებზე არ იყიდება”

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე ამტკიცებს, რომ EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები უცხოელებზე არ იყიდება და სახელმწიფო რჩება თანამესაკუთრედ.

კობახიძის თქმით, ინვესტორს არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა და მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელებისთვის.

ესეც არის გარანტირებული იმ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და EAGLE HILLS-ს შორის. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა-ნაგებობებზე. ანუ, ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება იმიტომ, რომ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ერთ-ერთი მესიჯია ამ პროექტის ოპონენტების ის, რომ ქართული მიწა იყიდება უცხოელებზე. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია, საზოგადოებას გავუზიაროთ, – განაცხადა “ოცნების” პრემიერმა.

კობახიძის მტკიცებით, ხელშეკრულებაში არ არსებობს არცერთი ისეთი პუნქტი, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარულია ან შინაარსობრივად შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო ინტერესებს. “ოცნების” პრემიერის განმარტებით, ნებისმიერი თეორიული ეჭვი შესაძლებელია გაჩნდეს, და ასეთ კითხვებზე პასუხი თავად ხელშეკრულების შინაარსს ეფუძნება.

„მე მინდა, გთხოვოთ პარლამენტარებს – თეორიულად წარმოიდგინეთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც გსურთ ინფორმაციის მიღება. ერთ-ერთი ასეთი თეორიული საკითხი წამოჭრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეჩეთების აშენებაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით. თუნდაც ასეთი თეორიული კითხვები შეგიძლიათ დასვათ, ხომ არ არის რაიმე ასეთი ჩადებული ხელშეკრულებაში და როგორც მეჩეთების შემთხვევაში შეგვიძლია განვმარტოთ, რომ, რა თქმა უნდა, არავითარი მეჩეთების აშენება არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, გიპასუხებთ. მეტიც, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არაა შეტანილი ხელშეკრულებაში. იგივე ავიღოთ მეჩეთები, ან თუნდაც შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის. არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს, არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა.შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა ინვესტიციების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვათ, თუ არის რაიმე თეორიული პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა, თქვენი აზრით იყოს საზიანო სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მარტივად გიპასუხებთ. ყველა არსებითი საკითხი, რაც არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, საზოგადოებისთვის არის ცნობილი და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, ეს ინფორმაცია პირადად მეც გავუზიარე საზოგადოებას,“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამტკიცებს, რომ Eagle Hills-ის პროექტის მასშტაბებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი „მარტივ სპეკულაციებს“ იყენებს და საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენების შექმნას ცდილობს. კობახიძის განცხადებით, პროექტი ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის, კრწანისის ზონა დაახლოებით 600 ჰექტარზე ვრცელდება, გონიოს ტერიტორია კი – დაახლოებით 250 ჰექტარზე.

მისი თქმით, მონაკოსთან პარალელები და განცხადებები იმის შესახებ, რომ სულ პროექტის ტერიტორია „ქვეყანა მონაკოზე ოთხჯერ დიდია“, რეალობას არ შეესაბამება და მიზანმიმართული სპეკულაციაა.

არ ვიცი, ვისზე შეიძლება, იმოქმედო ასეთი სპეკულაციური განცხადებებით. ყველას კარგად მოეხსენება საქართველოში, რომ მონაკო არის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფო, ასე უწოდებენ ამ ქვეყნებს და მათ შორისაც არის ყველაზე პატარა სახელმწიფო. სინამდვილეში ეს არის ძალიან პატარა ქალაქი და შედარება მონაკოს ტერიტორიასთან არის ცალსახად სპეკულაციური. არასპეკულაციურად რომ დაგანახოთ, რა არის მაგალითად, კრწანისის წილი თბილისის ფართობთან მიმართებით – 120-ჯერ ნაკლები ტერიტორიაა თბილისის ფართობთან შედარებით. სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი”.

ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა”- თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, კობახიძე აღნიშნავს, რომ ბინის შეძენის შემთხვევაში უცხოელი იღებს მხოლოდ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას 6-დან 12 თვემდე ვადით.

„შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში ხანგრძლივი ან თუნდაც საშუალო ვადით, მას სჭირდება კონკრეტული სხვა პირობების დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც სასწავლო დანიშნულებით გაიცემა და ა.შ. ბინასთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებლად დარჩენა საქართველოში. ამას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმე – რა ამტკიცებს პროკურატურა და რა პასუხი აქვთ დაკავებული პოლიტიკოსების ადვოკატებს
შემდეგი სტატია“ჩვენთვის საქართველოს ფაილი დახურულია” – გერმანიის ელჩი