პრემიერი აგვისტოს ომზე-აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს.

გახარიას განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.

“12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა”, – წერს გახარია.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი სრული დეოკუპაცია იქნება.

“სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე”, – აცხადებს გახარია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის გულზე გატარებული ჭრილობაა
შემდეგი სტატია“მიგვაჩნია რომ აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების”