პრემიერ-მინისტრმა კამერების თვალწინ დაკვეთა მისცა გამოძიებას – სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს კამერების თვალწინ დაკვეთა მისცა და მიანიშნა სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგი:

„ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კამერების თვალწინ, მთელი საზოგადოების თვალწინ დაკვეთას აძლევს იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოძიება და პირდაპირ მიანიშნებს, სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგები, აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, ასევე, არ არსებობს არც არანაირი სანდო დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ყველა მოვლენას ამ ქვეყანაში გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმის და ძირითადი ოპოზიციური ძალის შევიწროების მიზნით, იმიტომ რომ რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც დარჩა ქვეყანაში ერთადერთ ქმედით ოპოზიციურ ძალად. ჩემთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს იქიდან, რომ რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ჩვენს პარტიას, თუმცა ეს მათ არ გაუვათ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება კიდევ ერთხელ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვით, რომელიც ხელისუფლებას დარჩება საკუთარი განცხადების შედეგად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის