პრემიერ-მინისტრმა კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს სამინისტროს მუშაობაში თვისობრივი ცვლილებები შეაქვს და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ მაქსიმალურად მეტი იცოდეს.

„ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გარკვეულწილად, საქართველოს სახეა ის, როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში – 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი უპრეცენდენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს.

ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანი პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

banner
წინა სტატიაში”უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო” – აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება (foto)
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად, ე.წ. სიმ ბოქსების უკანონოდ გამოყენების მორიგი ფაქტი გამოავლინა