პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას და ამ პროცესში კლინიკების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დამატებითი საწოლფონდის გამოყოფის კუთხით კლინიკებში არსებული რესურსები. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო კოორდინაცია და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კლინიკებს, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ეფექტურად გაგრძელდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.

წინა სტატიაშიბოკერია: თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება და ჩვენი საზოგადოებისათვის და უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივლისისთვის