პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის სრული მზაობის შემოწმება დაავალა

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დატვირთვა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის.

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი შემოსავალდაკარგული ადამიანებისთვის ფინანსების მობილიზების წინადადებით გამოდის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი“