პრემიერ-მინისტრმა გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა

უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.

ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე დაესწრო.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო! მადლობა თქვენი ქვეყნის სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ – მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები – მეგობრობა, ჰუმანურობა – დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და – რა თქმა უნდა – საერთაშორისო თანამშრომლობისადმი“, – განაცხადა ატულ ხარემ.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი გეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება