პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

როგორც “თაიმერს” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მზადყოფნას, კიდევ უფრო გაამტკიცოს რეფორმების პოზიტიური შედეგები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რაშიც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის და ის მოლოდინები, რაც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება.

მხარეებმა სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობასა და დამკვირვებლების როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე განიხილეს მსოფლიოს წინაშე არსებული ახალი გამოწვევები.

banner
წინა სტატიაშიპროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიკრომეწარმეები საშემოსავლოს აღარ გადაიხდიან
შემდეგი სტატია“გადაწყვეტილება, საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული” – კალაძე პენსიების ზრდაზე