პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს – ვაშაძე

დღეს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომ იღებდნენ სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და უნდა ეთქვათ, რომ გადადგებოდნენ – პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათ ქვეყანას დააკარგვინეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, ასევე 14 მილიარდი ევრო, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა სტატუსთან ერთად და სხვა უამრავი სიკეთე.

„სამწუხაროდ, რეალობას აცდენილი კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პრემიერ- მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას, რომელმაც 14 მილიარდი ევრო, რაც საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსთან ერთად, დააკარგვინა საქართველოს, რომელმაც საქართველოს დააკარგვინა ჯანმრთელობის ევროპული სისტემა, სოფლის განვითარების ევროპული სტანდარტი, მილიარდობით ინვესტიცია კანდიდატის სტატუსთან ერთად, პრემიერ- მინისტრს და მთავრობას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ირჩევს ოლიგარქიას ევროპული კურსის ნაცვლად, დღევანდელ დღეს მათ უნდა ეთქვათ ხალხისთვის, რომ იღებდნენ სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და როგორც ყველა ველოდით, უნდა ეთქვათ, რომ გადადგებოდნენ. პრემიერ – მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგეს. თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ- მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს. ამიტომ, დღეს 20:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსეთთან ომისთვის ნატო-სთან ერთად კოალიციას კრებს – ლავროვი
შემდეგი სტატიარუსეთი შეცდომებზე სწავლობს, დასავლური იარაღი სწრაფად ვერ შეცვლის სიტუაციას – აშშ-ის დაზვერვა