პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება.

განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas” –ის წარდგენა გაიმართა
შემდეგი სტატიათამარ მოშიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს