პრემიერ-მინისტრი: ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით

რაც მთავარია, ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

„აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა.

დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში.

2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მილიარდი დოლარი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში, ექსპორტი გახდეს 5 მილიარდი დოლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა.

ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შესრულებას. ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით; გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას