პრემიერ-მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და NATO-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და NATO-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ NATO-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო – ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.

საუბრისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა
შემდეგი სტატიამანანა კობაძიძე – მე არ ვიცი რატომ აკრიტიკებენ შს მინისტრს, რა არ მოეწონათ?