პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

როგორც „თაიმერს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მამუკა ბახტაძემ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ახალი სამთავრობო პრიორიტეტები და ინიციატივები, რაც დონალდ ტუსკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზე.

აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ითქვა, რომ ქვეყნის წარმატებები – შეგნეგის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის კუთხით, აგრეთვე, ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილის -ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მიმართულებით სამაგალითოა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ ფორმატს საქართველოს მთავრობასა და ევროპულ კომისიას შორის. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ფორმატი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის განვითარებასა და საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის ლიდერის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

აგრეთვე, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ყურადღება დაეთმო შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი – საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აგრეთვე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიაქცია ტყიბულში – “საქნახშირის” თანამშრომლები ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს მეშახტეების მოთხოვნებს აცნობენ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – არავის არ უნდა გაუჩნდეს თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია