პრემიერ-მინისტრი იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იორდანიასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. გამოითქვა იმედი საქართველოსა და იორდანიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იორდანიის სამხედრო დაზვერვის დირექტორი აზამ ალ რავეჰნენი, იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორი აიმან ალ ბათრანი, იორდანიის დაგეგმვისა და ორგანიზების დირექტორი ჰოსამ ჰადადი ესწრებოდნენ. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: მესამე მსოფლიო ომია, პანდემიას ვგულისხმობ
შემდეგი სტატია„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად და ოჯახს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ“ – გიგი წერეთელი