პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს მიმართავს

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 10:55

პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს მიმართავს

“მინდა, ინვესტორებს ვუთხრა ის, რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში – სასტუმროების უპრეცენდენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და ის კიდევ უფრო გაიზრდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის წახალისება ისეთი პროგრამებით, როგორიც არის “ჩექ ინ ჯორჯია“, გაგრძელდება.

“უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მომავალი წლის ანალოგიური პროგრამის დაგეგმვაში და როდესაც ბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება მომავალი წლის ასთი წარმოდგენების მთელი სერიის ბიუჯეტირება.

შედგება კალენდარი და მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც იქნებიან როგორც ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დატვირთვა, რომელიც წელს აქვს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, გაიზრდება და ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ჩექ ინ ჯორჯია“ არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პოპულარული შემსრულებელი, ეს არის როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენების მთელი სერია, მაგრამ ეს უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული მოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისკენ.

“ძალიან კარგად ჩატარდა განვლილი კონცერტები, იმის მიუხედავად, რომ ბათუმის კონცერტის შემთხვევაში ამინდმა გარკვეული შეფერხებები შექმნა. იყო დიდი დასწრება და ბათუმმა ნახა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელწმიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის. ალბათ, მომავალში ეს გასათვალისწინებელი იქნება და უკეთესი კოორდინაცია იქნება საჭირო – ეს უფრო ეკონომიკურ ბლოკს ეხება და არა კულტურის სამინისტროს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 10:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics