პრემიერ-მინისტრი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას, ხაზი გაესვა EIB-თან წარმატებულ თანამშრომლობას, ბანკის ჩართულობის გაზრდას კერძო სექტორში მიმდინარე ოპერაციებში, ასევე – საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რაც, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა – InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ლარიზაციის სტრატეგიას, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებს.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც საგადასახადო და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმას, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას; მართვაში გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ქვეყნის ინფრასტრუქტურის – სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძების განვითარებას და განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: სოროსის ფონდი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა