პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2016 11:51

პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის “ახალი ტფილისის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროექტი იქნება ახალი მიდგომებით გამორჩეული.

კვირიკაშვილის თქმით, მასში 200-ზე მეტი პროფესიონალია ჩართული და კიდევ უფრო მეტი – არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, შევძინოთ ახალი ენერგია ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები, ბაღები, პარკები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი გადატვირთული ცხოვრებისთვის. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მათ შესაბამისად დაისვენონ და ეკოლოგიაც გავაუმჯობესოთ კონკრეტულად ამ რეგიონში და რაიონში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება არა მხოლოდ ფასადების აღდგენა, არამედ განახლდება საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.
“ეს პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომებით. ჩვენ არა მხოლოდ ფასადებს აღვადგენთ, ეზოებში შევდივართ და მთლიანად განვაახლებთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასებს თბილისში. მოგეხსენებათ, რომ თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის ხალხთა ერთად ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი იმ ვადებში დამთავრდეს, რაზეც დღეს არის საუბარი და ეს არის 2016 წლის ბოლო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წლის ბოლოს გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით, “რაც ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისებაა”.

“ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშრუტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შენობაზე, რომლის აღდგენაც მოხდება, გამოკრული იქნება კალენდარი, თუ რა ვადაში დამთავრდება თითოეული შენობა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისთვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო, იმედისმომცემი. ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ და დღეს აქ აღმაშენებელის გამზირზე იწყება ეს პროცესი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2016 11:51