პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრისას, საუბარი შეეხო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.

მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და სავაჭრო ბრუნვის მზარდ ტენდენციაზე, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმისა და ჰელსინკიში დაფუძნებული საქართველო-ფინეთის ბიზნესსაბჭოს როლს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ფინელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვანი პოზიციების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინელ ხალხს ფინეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.

პრემიერმა იუჰა სიპილამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიმიამიტურ განცდებს, რომ საქართველოში გლობალური რისკის საშიშროებები არ არსებობს , ნათელი პასუხი გაეცა – მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ახალი გუნდი წარადგინა