პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც წარმატებული თანამშრომლობით არის გამყარებული. გამოითქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება მერიასთან – ხმაური დედაქალაქის მერის მოადგილის ავტომობილის გამოჩენას მოყვა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ნარმანია კვლავ ცდილობს, ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც ჩაიდინა, კაბინეტში დამალვით დაფაროს