ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში მათი ფრაქციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რისთვისაც სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, კორუფციის მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავენ და აღნიშნული შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ფრაქცია შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მკვლევარებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს, რომლებიც წლებია მუშაობენ კორუფციის გამოვლენის მიმართულებით და კარგად იციან ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც არსებობს სახელმწიფო სისტემაში. ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საჭიროება და მიზანშეწონილობა კონკრეტული მიმართულებებით და თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დავსახეთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ფრაქციასთან შეიქმნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სწორედ ის, რომ კორუფცია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღეს ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, დაბრუნდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში და მაქსიმალური ყურადღების ცენტრში იყოს პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაპარტიამ „ევროპელი სოციალისტები“ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა