,,პატრიოტთა ალიანსის” განცხადებით მოსკოვში განხილვის ერთ-ერთი თემა სოხუმისა და ცხინვალის აღიარების და სტატუსის საკითხი იყო

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრების განცხადებით, მოსკოვში რუს კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სოხუმისა და ცხინვალის აღიარების და სტატუსის საკითხი იყო.

როგორც პარლამენტში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ადა მარშანიამ განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურები და საელჩოები სრულ ინფორმაციას მიიღებენ.

„უპირველეს ყოვლისა, კვლავ საუბარი იყო სოხუმზე, საუბარი იყო ცხინვალზე და საზღვრებზე. ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი არის სწორედ სოხუმი, სწორედ ცხინვალი და საზღვრები. კვლავ დავაფიქსირეთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ქართველები ჩადიოდნენ სოხუმში და ცხინვალში, ხოლო აფხაზები და ოსები ჩამოდიოდნენ თბილისში. ასევე კვლავ წამოვწიეთ საფლავების მონახულების საკითხი. ყოველი ჩვენი სიტყვა ცხადყოფდა, რომ ჩვენთვის უპირველესი საქართველოს გაერთიანების საკითხია. ცხადია, წამოვწიეთ სოხუმისა და ცხინვალი აღიარებისა და სტატუსის თემა, რასაც ხანმოკლე მსჯელობა მოყვა. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და საელჩოები სრულ ინფორმაციას მიიღებენ. ჩვენ კვლავ აღვნიშნეთ და რუსები კვლავ დაგვეთანხმნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი საუბარი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. რუსეთმა დაგვიდასტურა, რომ ხელს შეგვიწყობს სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში და საფლავების მონახულების საკითხში. გაკვირვება გამოითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არ ეხმაურება და არ იღწვის სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგისთვის“, – განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, რუს დეპუტატებთან და სენატორებთან შეხვედრისას, საუბარი წარიმართა ახალ პოლიტიკურ ფორმატზე საქართველო-ნატო-რუსეთი. მარშანიას თქმით, „პატრიორთა ალიანსის“ წევრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ის არ არის პრორუსული ძალა და იღწვის მხოლოდ საქართველოს ინტერესებისათვის, როგორც მოსკოვში, ასევე ბრიუსელში, ვაშინგტონში და ანკარაში.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რუსულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ხანძრებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საქართველოს საგანგებო ვითარებაში.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომაია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში რიგით მეორე ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშითელავში მშენებარე ბიზნესცენტრის ნაწილი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს