ფრაქცია „რესპუბლიკელები” პარტია “ცენტრისტების” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2016 16:52

ფრაქცია „რესპუბლიკელები” პარტია “ცენტრისტების” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდის

ფრაქცია „რესპუბლიკელები” გამოდიან ინიციატივით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონისა მე–19 მუხლის „გ“ პუნქტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 35–ე და 36–ე მუხლების შესაბამისად, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია “ცენტრისტების” საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით , – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია ”რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ფრაქციის სახელით განაცხადა.

კორძაიამ მოუწოდა კოლეგებს, შეუერთდნენ სარჩელის მომზადებაში ან მათ მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს.

„საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა.

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ ნორმას, ასევე, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მე–5 მუხლისა და 23–ე მუხლი მე–4 და მე–5 პუნქტების მოთხოვნებს.

ჩვენ, ”რესპუბლიკურ პარტიისა” და ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა, კერძოდ, რუსული ბაზების განთავსების და ე.წ. „რუსული პენსიის“ დაპირება, არის კონსტიტუციისა და საქრთველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში. დღეს არის 14 აგვისტო, აფხაზეთში ომის დაწყების დღე! ჩემთვის, აფხაზეთიდან დევნილისთვის ისევე, როგორც ყველა იმ ადამიასათვის, რომელიც ჩემსავით გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფის არსებობა საქართველოში!

შესაბამისად, მე, როგორც პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების” წარმომადგენელი, ფრაქციის სახელით გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონისა მე–19 მუხლის „გ“ პუნქტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 35–ე და 36–ე მუხლების შესაბამისად მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. მოვუწოდებ, ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებს შემოგვიერთდნენ სარჩელის მომზადებაში ან შემოურთდნენ ჩვენს მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს.

კონსტიტუციური სარჩელის შესატანად საჭიროა პარლამენტის წევრთა 1/5–ის (30 პარლამენტარი) მიერ სარჩელის წარდგენა. შესაბამისად, ველოდებით გამოხმაურებას პარლამენტის წევრებისაგან. ყველა არაკეთილმოსურნემ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური კურსისათვის საფრთხის შექმნის მცდელობას”, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2016 16:52