ფრაქცია “ლელო საქართველოს” პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ფრაქცია “ლელო საქართველოს” პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც ფრაქციის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნეს, პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა.

მათი თქმით, ბოიკოტს გააგრძელებენ მანამ, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას ადეკვატურად მათ შორის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.

“ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისად, უკიდურესად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მერწმუნეთ, ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე დამოკიდებულება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ყოფილ სახელმწიფო მეთაურს, იმ ადამიანს, რომელმაც უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ფრაქცია “ლელო” აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას და ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.

ფრაქციამ უკვე ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და გვსურს, ხელისუფლებამ მიიღოს ჩვენი ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც სერიოზული გაფრთხილებად იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას”, – თქვა ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „ქოც-ნაცური დაპირისპირება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს“