ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის

ჰოლოკოსტის გააზრება უნდა გავაგრძელოთ - შტაინმაიერი

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინი უკრაინას იარაღს მიაწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ეს არ შეესაბამებოდა ბერლინის უსაფრთხოების ფილოსოფიას. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის მხარდასაჭერად.

მისი თქმით, რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა შეწყდეს. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუშვას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

სანქციების საკითხზე კომენტირებისას შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაზარდონ. მისი თქმით, ყველა ქვეყანა შეეცდება შეამციროს ენერგორესურსების ექსპორტი რუსეთიდან და აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი რუსეთიდან გერმანიაში 60%-დან 40%-მდე შემცირდა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ცხადია, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი რუსეთზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზე. გერმანიის ეკონომიკის სტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსული ენერგომატარებლების ეტაპობრივი გათიშვა ისე სწრაფად, როგორც ზოგიერთი მოელის. ვინც სანქციებს წამოიწყებს, არ უნდა დაზარალდეს იმაზე მეტად, ვიდრე თავად რუსეთი“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა, პირიქით, ევროპა გაძლიერდა გარედან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ასეთ რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება შეუძლებელია. რუსეთის სამხედრო დანაშაულები მთელმა მსოფლიომ ნახა. ისინი უნდა იყოს დოკუმენტირებული და გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა