ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედიები შვილებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ინსულტი გადაიტანა.

“ალენ ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ისევე, როგორც ლუბო (მსახიობის ძაღლი) მწუხარებით გატყობინებთ მამის გარდაცვალების ამბავს. მან სიმშვიდეში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დატოვა ეს სამყარო”. – წერია მსახიობის შვილების ერთობლივ განცხადებაში.

ალენ დელონი 1935 წელს პარიზის შემოგარენ სოში დაიბადა. 14 წლის ასაკში, დედისა და მამინაცვლის დაჟინებით გახდა ყასაბი და მუშაობა დაიწყო მამინაცვლის ძეხვეულის მაღაზიაში.

17 წლის ასაკში მომავალი მსახიობი საკუთარი ნებით ჯარში წავიდა. იყო მეზღვაური, მსახურობდა იმ დროს საფრანგეთის კოლონია ვიეტნამში.

1956 წელს დაბრუნდა პარიზში, მუშაობდა მიმტანად, დაუმეგობრდა მომავალში ასევე მსახიობს ჟან-კლოდ ბრიალის. 1957 წელს მეგობრები კანის კინოფესტივალზე გაემგზავრნენ, სადაც დელონი ამერიკელმა იმპრესარიომ შეამჩნია და ჰოლივუდში კარიერის დაწყება შესთავაზა, ამისთვის მსახიობ ინგლისური უნდა ესწავლა, პარალელურად ბრიალიმ მეგობარს რეჟისორი ივ ალგრე გააცნო, რომელმაც დელონს ფილმში Quand la femme s’en mêle მცირე როლი შესთავაზა. მსახიობი დათანხმდა და საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა.

1960 წელს დელონის მონაწილეობით ერთდროულად ორი ფილმი გამოდის: Plein Soleil და Rocco e i suoi fratelli. როლებმა მსახიობს საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მოუტანა.

თითქმის 50 წლის განმავლობაში დელონმა ათობით როლი შეასრულა. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი, მიქელანჯელო ანტონიონი, კრისტიან-ჟაკი, ჟან-პიერ მელვილი, ლუი მალი, ჟაკ დერი, ჟან-ლუკ გოდარი, რენე კლემენი.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Il Gattopardo, Le Samourai, La Piscine, Le Cercle Rouge, Un Flic, Monsieur Klein, La Motocyclette.

კარიერის განმავლობაში მიღებული სეზარის ჯილდო, ოქროს გლობუსის ნომინაცია, ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდო. არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერი.

banner
წინა სტატიაში18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიალუკაშენკო: უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა