ფრანგული კინოს ცნობილი მსახიობი, მომღერალი და მწერალი მარინა ვლადი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში, ახლობლებისა და შინაური ცხოველების გარემოცვაში გარდაიცვალა.
მარინა ვლადი, რომლის ნამდვილი სახელი კატერინა მარინა დე პოლიაკოფ-ბაიდაროვი იყო 1938 წლის 10 მაისს საფრანგეთში, კლიშიში დაიბადა. სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
1963 წელს მან კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო მარკო ფერერის ფილმში „ცოლქმრული საწოლი“ („Le Lit conjugal“) შესრულებული როლისთვის. იგი ასევე მონაწილეობდა ჟან-ლუკ გოდარის, ორსონ უელსისა და ბერტრან ტავერნიეს ფილმებში.
ვლადის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ცნობილ საბჭოთა პოეტსა და მსახიობ ვლადიმირ ვისოცკის. ისინი 1970 წელს დაქორწინდნენ და ვისოცკის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე, ერთად ცხოვრობდნენ.
მარინა ვლადი ფრანგული და იტალიური კინოს ერთ-ერთ ცნობილ სახედ დარჩა. მისი კარიერა შვიდ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა.








