ფრანგმა მინისტრმა დაგმო რეალითი შოუ, სადაც საპატარძლოს ქალიშვილობა შეუმოწმეს

ფრანგმა მინისტრმა მარლენ შიაპამ გააკრიტიკა ტელეშოუ, სადაც ნაჩვენები იყო ცერემონია, რომლის დროსაც ახალდაქორწინებულები თავიანთ ქალიშვილობას ამტკიცებენ. შიაპამ საფრანგეთის რეგულატორს, უმაღლეს აუდიოვიზუალურ საბჭოს (CSA) მიმართა, რომ ის აღშფოთებულია პროგრამით “უჩვეულო ბოშური ქორწილები”, რომელიც ტელეარხ TFX -ზე გადის და ნაჩვენებია, ნათესავები სარძლოს როგორ ამოწმებენ ქორწილის წინ.

გადაცემაში ნაჩვენები იყო ქორწილისთვის მზადება, ასევე, საწოლი, სადაც ცერემონია უნდა ჩატარდეს. “ამ საწოლზე ქალი, რომელმაც სპეციალური სამზადისი გაიარა, რბილი ქსოვილით ნაომის საქალწულე აპკის მდგრადობას შეუმოწმებს. ნაჭრით ცერემონია მემკვიდრეობითია და გარდაუვალი. თუკი ნაომის ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები, ქორწილი გადაიდება” – ნათქვამია გადაცემაში. გარდა ამისა, შოუში მონაწილე ქალები ხსნიდნენ თუ რატომ არის ცერემონია მნიშვნელოვანი: “ეს ბიჭის ოჯახისთვის არის. მათ რომ იცოდნენ, რომ მან ლამაზი და უმწიკვლო გოგო მოიყვანა ცოლად”.

თავის წერილში მინისტრმა შიაპამ თქვა, რომ აღშფოთებულია პროგრამის ტონით, რომელსაც ტრადიციის ირგვლივ არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს. “ჩვენი რესპუბლიკური ქორწილის ინსტიტუტი უკომენტაროდ გათელეს” – თქვა მინისტრმა. ნაჩვენები “მით უფრო ამაზრზენი იყო”, რომ რამდენიმე ხნის წინ ქვეყანაში ხმა მისცეს კანონს, რომელიც ქალიშვილობის შესახებ ტესტების გაკეთებას კრძალავს. ამ კანონის თანახმად, ექიმებს ეკრძალებათ ქალიშვილობის შესახებ ცნობის გაცემა. ახლა კანონს სენატი განიხილავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალიშვილობის აპკის დათვალიერება ვიზუალურად ან თითებით ვერ დაამტკიცებს იმას, ქონდა თუ არა ქალს სქესობრივი აქტი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ასეთი დათვალიერება ადამიანის უფლებების დარღვევაა.

banner
წინა სტატიაშითუთქეთში კორონავირუსით დაავადების მაქსიმუმი 40 000 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე – პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო, მერობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია