ფრანგი სამხედროები ისლამიზმის გამო მეორე ღია წერილს აქვეყნებენ და ომს წინასწარმეტყველებენ

ფრანგი სამხედროები ისლამიზმის გამო მეორე ღია წერილს აქვეყნებენ

ფრანგმა სამხედროებმა ერთი თვის მანძილზე უკვე მეორე ღია წერილით მიმართეს მთავრობას, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში რადიკალ ისლამისტებთან სამოქალაქო ომი მწიფდება. მთავრობამ ორივე წერილის ავტორები პოლიტიკაში ჩარევის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, ისინი თავად ცდილობენ ისლამისტ ფუნდამენტალისტებს ებრძოლონ და ამისთვის შესაბამის კანონს ამზადებენ – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ანონიმური წერილის ავტორები ირწმუნებიან, რომ ისინი სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები არიან. მიმართვა კვირა საღამოს ულტრამემარჯვენე ჟურნალში Valeurs Actuelles გამოქვეყნდა. დღეს შუადღემდე წერილს ხელი დაახლოებით 150 ათასმა პირმა მოაწერა.

წერილში ნათქვამია, რომ საფრანგეთში მთელი რაიონები და რელიგიური გაერთიანებებია შექმნილი, რომელთათვისაც ეს ქვეყანა “მხოლოდ სარკაზმის, ზიზღის და აუტანლობის ობიექტია”. “საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება და თქვენ ძალიან კარგად იცით ამის შესახებ… იმოქმედეთ, ბატონებო და ქალბატონებო… ახლა საკითხი ის კი არ არის ხელახლა აგირჩევენ თუ პირველად, ახლა საუბარია ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე” – წერენ წერილის ავტორები. მათი მტკიცებით, მათ შორის არიან ისეთი სამხედრო პირები, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე, ისეთებიც, რომლებიც თავად საფრანგეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდნენ – წერს “ბიბისი”.

საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ღია წერილი მკაცრად გააკრიტიკა.

4 მაისს კი 20-მა გადამდგარმა გენერალმა პარიზი შოკში ჩააგდო. მათ მიგრანტების, “ისლამიზმისა” და “ქალაქგარეთიდან შემოსული ნაკადის” წინააღმდეგ მოწოდება გააკეთეს და პრინციპში პუტჩითაც დაიმუქრნენ – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერდა.

ღია წერილს რამდენიმე ასეულმა ოფიცერმა მოაწერა ხელი, ისინი სხვადასხვა რანგის სამხედრო, პოლიციისა და ჟანდარმერიის თანამშრომლები არიან, მათ შორის, რამდენიმე ათეული გადამდგარი გენერალია. წერილი მაისის დასაწყისში Valleurs Actuelles-ში დაიბეჭდა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია. წერილი შეაფასეს როგორც მემარჯვენე რადიკალების პროვოკაცია, რომელიც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდება.

წერილში ნათქვამია, რომ “საფრანგეთი საფრთხეშია” და “დადგა სასტიკი დრო”, როცა “ისლამიზმი” ქვეყანას, ფრანგულ კულტურას და ისტორიას ანგრევს, მიგრანტებს კი “ქალაქგარეთიდან შემოსულ ნაკადს” უწოდებს.

წერილის ავტორებს მხარი “ნაციონალური გაერთიანების” ლიდერმა მარინ ლე პენმა დაუჭირა. “ეს ყველა ფრანგი პატრიოტის ვალდებულებაა – ადგეს და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად რამე გააკეთოს”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს “მშვიდობიანი ბრძოლა” უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ცინიკურად გამოჩენილიყო
შემდეგი სტატიაბოკერია: ვინც იტყვის, შეთანხმების დამაკმაყოფილებელი შედეგია მელია-რურუას თავისუფლება, ცდება