ფრანცისკე პირველი: თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ

რომის პაპმა წირვაზე ღმერთის მიერ მოგვრილ ნუგეშზე ისაუბრა. მისი თქმით, ნუგეშის მსურველთ, გულის კარი ღმერთს უნდა გაუღონ, რომელიც „სწორედ ამ კართა საშუალებით შემოდის ჩვენში უფალი და ყოველ საგანს ახლებურ გემოს ანიჭებს“.

„ნუგეშცემა, რომელიც ცხოვრების ორომტრიალში მყოფთ ასე გვჭირდება, სწორედ ესაა – ჩვენს გულში დავანებული ღმერთი. მისი ყოფნა ჩვენში არის წყარო ჭეშმარიტი ნუგეშისა, ჩვენში რომ ისადგურებს, ბოროტისაგან გვიხსნის, სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებს. ამიტომაც, ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი; და თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ. ნუგეშის კარნი მუდამ ღია უნდა გვქონდეს, რადგან იესოს იქიდან სჩვევია შემოსვლა. ასეთი კარია: სახარება, რომელსაც ყოველდღე ვკითხულობთ და მუდამ თან დაგვაქვს, ლოცვა სიჩუმესა და თაყვანისცემაში, აღსარება, ევქარისტია. სწორედ ამ კართა საშუალებით შემოდის ჩვენში უფალი და ყოველ საგანს ახლებურ გემოს ანიჭებს. ხოლო თუ გულის კარი დაკეტილია, აღარც უფლის ნათელი აღწევს და სიბნელეში ვრჩებით. შედეგად, ვვარდებით პესიმიზმში, ვეგუებით წარუმატებლობას, აღარ გვჯერა, რომ რამე შეიცვლება. ბოლოს კი ჩვენსავე სევდაში ვიძირებით, შფოთვის ჯურღმულებში ვიკეტებით, საკუთარ თავში ვმარტოვდებით. მაგრამ, ნუგეშის კარს თუ გავაღებთ, იქიდან უფლის სინათლე შემოიჭრება”,- განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე პირველმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ნუგეში მაშინ მოქმედებს, როდესაც ადამიანებს შორის ერთობაა, ნუგეში ეკლესიაში იპოვება.

„უფალი მხოლოდ გულში როდი გვანუგეშებს. მართლაც, წინასწარმერტყველ ესაიას პირით უმატებს: “იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი”. იერუსალიმში, ანუ ღმერთის ქალაქში, ჩვენს საკრებულოში. ანუ, უფლისეული ნუგეში მაშინ მოქმედებს როცა ერთად ვართ, როცა ჩვენს შორის ერთობაა. ეკლესიაში იპოვება ნუგეში, ეკლესია ნუგეშის სახლია, აქ სურს ღმერთს ჩვენი ნუგეშისცემა. ვკითხოთ ჩვენს თავს: მე, ვინც ახლა ეკლესიაში ვარ, ვარ კი მომტანი ღმერთის ნუგეშისა? შემიძლია სტუმრად მივიღო სხვა ადამიანი, ვანუგეშო დაღლილი და იმედგაცრუებული მოყვასი? ქრისტიანი, როგორი შეწუხებული და ჩაკეტილიც არ უნდა იყოს, მოწოდებულია იმედი ჩაუნერგოს ხელჩაქნეულს, გაამხნევოს სასოწარკვეთილი, გაუნათოს მას იესოს შუქით, აგრძნობინოს მისი სიახლოვის სითბო, მისი შენდობის ნუგეში.

უამრავი ადამიანი იტანჯება, განიცდის შევიწროებასა და უსამართლობას, შფოთვებს შეუპყრია. მის გულს მალამო სჭირდება, უფლისეული ნუგეში, რომელიც გასაჭირიდან სრულად ვერ დაიხსნის, მაგრამ აღავსებს სიყვარულის ძალით, რომელიც ტკივილს მშვიდობიანად გადაატანინებს. ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა – აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია. ეს მოწოდება უნდა გავითავისოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და არა ის, რომ ჩავიციკლოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ანდა ვიწუხოთ იმ ზოგიერთი უთანხმოების გამო, ჩვენს შორის რომ იჩენს თავს. ცუდია, როცა ჩაკეტილ საეკლესიო “მიკროკლიმატს” ვეგუებით; კარგია, როცა ვრცელ და იმედმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ კარს და გავდივართ საკუთარი თავიდან”,- აღნიშნა რომის პაპმა.

თუმცა ფრანციკსე პირველი ამბობს, რომ ღმერთის ნუგეშის მისაღებად ერთი პირობა არსებობს, უნდა გავხდეთ ბავშვებივით მცირენი, ვემსგავსოთ “დედის ხელში აყვანილ ყრმას”.

„ღმერთის სიყვარულის მისაღებად აუცილებელია გულის სიმცირე – დედის მკლავები მხოლოდ ბავშვს თუ აიყვანს. ვინც თავს ბავშვივით დაიმდაბლებს – გვეუბნება იესო – “ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში”. ადამიანის ჭეშმარიტი სიდიადე ღმერთის წინაშე საკუთარი თავის დამდაბლებაშია. ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა. უზენაესის წინაშე დიდ ადამიანად ვერც მიწიერი პატივი და დიდება გვაქცევს და ქონება და წარმატება, არამედ წარმოცარიელბა საკუთარი თავისა. სწორედ ბავშვია ის, ვისაც გასაცემი არაფერი აქვს, მისაღები კი ყველაფერი. იგი სუსტია, დედ-მამაზე დამოკიდებული. ვინც ბავშვივით თავს იმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი”, – განაცხადა რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე წმინდა წირვის დროს.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია
შემდეგი სტატიაქართული ოცნების ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება